ქვემო ქართლი (რუსთავი, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი)
ერთეული: გარდაბანის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. თავის მდებარეობით, სამხრეთ კავკასიის ფარგლებში, ქვემო ქართლი მრავალი ათასი წლის განმავლობაში წარმოადგენდა გზაჯვარედინს ცივილიზაციებისა (მტკვარი – არაქსი, თრიალეთი, იბერია, საქართველო) და ხალხებისათვის (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, გერმანელები, ბერძნები, ასირიელები).
აქედან გამომდინარე ქართველების გარდა ამ რეგიონში მრავლადაა სხვა ხალხების მატერიალური კულტურის ნიშნები, რაც ქვემო ქართლის თემატიკას ტურისტულ ჭრილში უფრო მიმზიდველს ხდის. მთლიანობაში ქვემო ქართლი საინტერესოა არა მარტო მატერიალურ - კულტურული თვალსაზრისით (აქ 650- მდე ისტორიული ძეგლია), არამედ მისი ლანდშაფტით და ბუნებრივ - კლიმატური პირობებით. კერძოდ, აქ გვხვდება როგორც ნახევარუდაბნო და მშრალი ისე შერეული ტყის და ალპური ზოლები, ქვემო ქართლში მდებარეობს ვრცელი ვაკე, მასიური ტყით დაფარული მთიანი ქედები, როგორებიცაა: სამხრეთიდან ლოქის მთის მასივი, ჩრდილოეთით თრიალეთის მთის მასივი, დასავლეთით სამსარის და ჯავახეთის ქედები.
ქვემო ქართლი მდიდარია შიდა წყლებით. მთავარი მდინარეები: მტკვარი, ხრამი (ქცია), მაშავერა, ალგეთი.
ქვემო ქართლის აღმოსავლეთი მხარე მდებარეობს ზღვის დონიდან 280-მ -ზე, ჩრდილო - დასვლეთით უმაღლესი წერტილი 3 300 მ-ია.