სამცხე ჯავახეთი (ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი)
სამცხე-ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მასში შედის ორი ისტორიული მხარე სამცხე და ჯავახეთი.
რეგიონში შედის 6 მუნიციპალიტეტი: ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი, ნინოწმინდა და ახალქალაქი.
აქაა კურორტებისა და საკურორტო ადგილების მდიდარი პოტენციალი, მრავალფეროვანი ბუნების ძეგლები, საოცარი კულტურული ძეგლები და ჯერაც შეუცნობელი უძველესი პერიოდის ნასახლარები, არქეოლოგიური ძეგლები. მოქმედი ეკლესია-მონასტრები და მათში დაცული სიწმინდეები საუკეთესო პიროებას ქმნიან ტურიზმისთვის.
ბორჯომი ძირითადად წარმოდგენილია კურორტების სახით – აქ არის როგორც სამკურნალო, ასევე ზამთრის ცნობილი კურორტები.
მინერალური წყალი ბორჯომი XIX ს-ის 40-იან წლებიდან სამკურნალოდ გამოიყენება. აქ სამკურნალო ფაქტორად სასარგებლო კლიმატიც მოქმედებს.
ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია კლიმატურ-ბალენეოლოგიური კურორტების ჯაჭვი – დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, ლიკანი, ბაკურიანი, ციხისჯვარი, ჩითახევი. ბორჯომის რაიონი წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ზამთრის კურორტით – ბაკურიანით. კურორტი მდებარეობს ზღ. დ. 1700 მ-ზე. მისი ჰავა და რელიეფი ზამთრის სპორტის განვითარების იდეალურ პირობებს ქმნის. ზამთარი უმეტესად უქარო და მზიანია, თოვლის საბურველი 50 სმ-ს აღწევს და მუდმივად დევს დეკემბრიდან აპრილამდე.
ბაკურიანი, ზამთარში "სპორტული დედაქალაქი" ხდება, ჩამოსულებს დააინტერესებს სამთო - სათხილამურო ტრასები, საბაგირო გზები, სპორტული და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ბაზები.
ბორჯომის რაიონი გამორჩეულია თავისი ბუნებით. ამასთანავე აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლებია. ბორჯომის ხეობაში 200-ზე მეტი ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ტაძრისის, ნეძვის, კვირიკეთის, ტიმოთესუბნის, ქვაბისხევის, ლიკანის, ჩითახევის ("მწვანე") მონასტრები, აგრეთვე სლესის, პეტრეს, გოგიას, ახალდაბის ციხეები, თორის პლატოს ნასოფლარები და სხვ. ბუნების ძეგლების თვალსაზრისით საინტერესოა სადგერის ლავური პლატოს ტყე - პარკი, ტბები: ტაბაწყური, კახისი, წერო, ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული ტყე – პარკი და სხვ.
საუკეთესო ადგილებია ჯიპ ტურებისათვის.